პოლიტიკა

როდესაც სამართალდამცველი ჩაიდენს დანაშაულს, უფრო დაუნდობელნი ვიქნებით – გახარია

10.10.19 12:30


პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, “უაღრესად მზიმეა”, რომ 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეში პოლიციელები არიან ბრალდებული, თუმცა ეს, ერთეული შემთხვევები ჩრდილს ვერ მიაყენებს 40 000 ადამიანს.

“მინდა შევეხო ბოლო კვირის განმავლობაში მძიმე შემთხვევას, როდესაც მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ 5 ადამიანს შორის 2 პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთეული შემთხვევები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად, იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და ღირსებას. ასევე, უნდა გვესმოდეს – მაშინ როდესაც დადასტურებულად გვექნება ფაქტი, როდესაც სამართალდამცავი თავიანთი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა აქ იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი, რამეთუ ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით პოლიციელის, კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო”, – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ და სწორედ ამიტომ არის შსს-ში დაწყებული ის რეფორმები სისტემური განახლების კუთხით.

“ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ფასეულობების დონეზე ჩვენს პოლიციაში შევცვალოთ როგორც მიდგომები მოქალაქის და მათი ფუნქციების, მოვალეობისა და ქვეყნის წინაშე ვალდებულებების ნაწილში, ასევე მათი ყოველდღიური შრომის ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისითაც”, – დასძინა პრემიერმა.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორის, 2 მოქმედი და 1 ყოფილი სამართალდამცველი.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები