საზოგადოება

დავით გარეჯის კომპლექსში არსებული ეკლესიები დღეიდან ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება

11.10.19 11:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დღეიდან დავით გარეჯის კომპლექსი არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება. როგორც მან გუშინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ღია საუბარი შედგა მიმდინარე პრობლემებზე.

„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, მე სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებს და პარტნიორებს ისტორია და გეოგრაფია კი არ ჰყოფს, არამედ, აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველზე, ამ ფუნდამენტზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორიული მემკვიდრეობისა და ისტორიის გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასევე მინდა მოგმართოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს გვმართებს პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამონათქვამებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და უნდა გავატაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 5554


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები