პოლიტიკა

„მნიშვნელოვანი და ეფექტური“ – სომხეთის პრემიერმა გახარიასთან მოლაპარაკებები შეაფასა

16.10.19 10:30


საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გიორგი გახარიამ და ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართული მოლაპარაკებები შეაჯამეს.

ჯერ ამინდი, შემდეგ – პოლიტიკა: გახარია ფაშინიანს შეხვდა.

გახარია ერევანში აზერბაიჯანში ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ გაემგზავრა. მისი პირველი უცხოური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში სწორედ აზერბაიჯანში შედგა.

პრემიერების შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ეკონომიკური ურთიერთობები გახდა.

„აქ ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენ შორის ვაჭრობა ვითარდება.

ვისაუბრეთ ტრანსპორტისა და ენერგომატარებლების ნაწილში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განვიხილეთ კულტურული განზომილებაც და აღვნიშნეთ, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ კულტურულ მემკვიდრეობას ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გახარიამ.

ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ქვეყნები აწარმოებენ გულახდილ, ნდობაზე დამყარებულ დიალოგს.

„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერად ჩემი არჩევის პირველივე დღიდან სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობები ვითარდება აქტიური და გულწრფელი კონტაქტებით, ჩვენთვის მტკივნეული საკითხების ირგვლივ უშუალო და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგით. ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, კონტაქტების დინამიკა, ნდობის დონე და გახარიას ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობას.

ფაშინიანმა გახარიას პრემიერის პოსტზე წარმატებები უსურვა.

„მნიშვნელოვნად და ეფექტურად ვაფასებ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონე და ორმხრივი მზადყოფნა მათი შემდგომი განვითარების სტიმულირებისთვის. ჩემს კოლეგასთან განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი. ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი იმდენად ფართო და ყოვლისმომცველია, რომ ძნელია ერთი შეხვედრით ყველა საკითხის განხილვა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის განახლებას ივნისის ბოლოს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

„ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოკლე ვადაში კომისიის მეათე სხდომის ოქმში დაფიქსირებული ყველა შეთანხმება შესრულდება.

მნიშვნელოვანია, რომ კომისიის ფარგლებში ასევე გაიმართა სომხურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი, რაც ფართო გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, ასევე ძალისხმევას რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები