საზოგადოება

შსს-ს ინფორმაციით, ფონიჭალასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში 5 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს

17.10.19 15:30


პოლიციამ ფონიჭალასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში 5 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში, სამართალდამცველებმა მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტები ცხელ კვალზე, ოპერატიულად გახსნეს, ასევე, დააკავეს ნარკორეალიზატორები და ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პოლიციის მიერ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შესახებ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული დ.მ., 1981 წელს დაბადებული ა.ე., 1978 წელს დაბადებული ფ.თ., 1981 წელს დაბადებული გ.ა., 1982 წელს დაბადებული ა.ი. მათ ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში ედებათ. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 11 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" და 20 ათას 970 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს.

მიმდინარე წელს სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 26,2 კილოგრამი "ჰეროინი", 2 კილოგრამი "კოკაინი", 13700 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 23,1 კილოგრამი „მდმა“ 9,8 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 600 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სულ დაკავებულია 113 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას, რათა აღიკვეთოს ნარკოტიკების უკანონო რეალიზაცია და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკომომხმარებელთა რიცხვი“, - განაცხადა ჭელიძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები