პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სასურველი იქნება, შეწყალებაზე მორატორიუმი დროულად დასრულდეს

17.10.19 15:50


ვინაიდან ჩვენ არ მიგვყავს ეს პროცესი, ვარაუდი ჩემი და მთავრობის დონეზე შეუძლებელი იქნება, თუ როდის დასრულდება, მაგრამ მორატორიუმი სასურველი იქნებოდა, დროულად დასრულდეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისთვის ცნობილი არაა, რა ეტაპზეა პროცესი, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ დაჩქარდება.

“თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც მორატორიუმი გამოაცხადა, რომელიც, რა თქმა უნდა, დროებითია, მაშინ ბრძანა, რომ საქართველოს პარლამენტთან ერთად დაიწყებოდა შესაბამის ფორმებზე მუშაობა. ჩემთვის არ არის ცნობილი, რა ეტაპზეა ეს პროცესი. ალბათ გასააქტიურებელი იქნება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების საკითხი. იმედი მაქვს, პარლამენტი ამისთვის რაც შეიძლება მალე მოიცლის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საჭირბოროტო და სასწრაფო საკითხი იხილება პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში საკანონმდებლო ორგანოში, და ჩვენ შევძლებთ, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელში ჩართვის მზაობა არაერთხელ გამოვხატე, რომ პენიტენციური სამსახურის პოზიციები და იუსტიციის სამინისტროს პოზიციებიც იყოს ახალი ნორმების შემუშავების პროცესში წარმოდგენილი. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დაჩქარდება.

რა თქმა უნდა, ვინაიდან ჩვენ არ მიგვყავს ეს პროცესი, ვარაუდი ჩემი და მთავრობის დონეზე შეუძლებელი იქნება, თუ როდის დასრულდება, მაგრამ მორატორიუმი სასურველი იქნებოდა, დროულად დასრულდეს, რათა პატიმრებმა შეძლონ იქონიონ იმედი, რომ მათი საქმე დროულად დასრულდება და მათ ექნებათ არა გაურკვევლობის განცდა, არამედ განჭვრეტადობა და ზუსტი კრიტერიუმები, როდის და როგორ შეიძლება მათი შეწყალება მოხდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები