პოლიტიკა

მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს კონკურსის გამარჯვებული გახდა

17.10.19 17:10


სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი, ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა.

დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს, "ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციიტ, პრიზის მოსაპოვებლად წარდგენილი იყო ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის არაერთი პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.

გამარჯვების შესახებ ოფიციალური უწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის ლანდშაფტების კონვენციის აღმასრულებელი მდივნისგან, მაგელონ დეჟან-პონისგან მიიღო. როგორც წერილშია აღნიშნული, მარტვილის კანიონისათვის ჯილდოს მინიჭება მისმა განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კი, პროექტი აღიარა როგორც ერთიანი ქსელის წევრი.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, ხორციელდება დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარება. ჩვენი კონცეფცია ვრცელდება ყველა დაცულ ტერიტორიაზე და მათი განვითარების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სამ ძირითად ფაქტორს: პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული პროექტები საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს და უნდა იცავდეს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. მეორე - მას უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო ფუნქცია; ვიზიტორთა ცენტრები სწორედ ამ მიზნით ეწყობა და მესამე, უმნიშვნელოვანესია რეგიონებში დაცული ტერიტორიების განვითარებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას, ადგილობრივი ეკოტურისტული ბიზნესის განვითარებასა და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონკურსი 11წელია რაც ტარდება და მასში ისეთი ქვეყნების პროექტები იმარჯვებენ, როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და ა.შ

შეგახსენბთ, რომ მარტვილის კანიონი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია. 2019 წელს, ის ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია გახდა. მიმდინარე წლის რვა თვეში კანიონს 150 000 ვიზიტორი ესტუმრა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მარტვილის კანიონი ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების პროცესებში ჩართულობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. კანიონზე დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის აშენების და ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად ტურიზმი გახდა უსაფრთხო, გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, მიმდებარედ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები