პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას განაგრძობს

18.10.19 11:30


ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას განაგრძობს, - ასე აფასებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას.

მისი თქმით, პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ის უმაღლესი თანამდებობები, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ერთი ერთში ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას". 2008 წელს, მიხელ სააკაშვილმა მე, ნინო ბურჯანაძეს, ორგზის პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, სახელმწიფო დაცვა მომიხსნა. მაშინ, რა თქმა უნდა, ხმა არ ამომიღია ამ საკითხზე და არც არავის გამოუხატავს პროტესტი, მათ შორის არც გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ჩემი მეგობარი იყო. მაგრამ ახლა მე არ ვაპირებ გაჩუმებას და მინდა უმწვავესად შევაფასო ხელისუფლების ეს უღირსი ქმედება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ის დარწმუნებულია, რომ მაშინ მიხეილ სააკაშვილმა დაცვის მოხსნით სადამსჯელო ღონისძიება გაატარა ნინო ბურჯანაძის მიმართ და ახლა მოქმედი ხელისუფლება იმავეს აკეთებს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართ.

„დაცვის მოხსნის გარდა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს ასევე უპირებენ პენსიის მოხსნას. ეს არის ნონსენსი, უსინდისო, გაუგონარი და უღირსი ქმედება. ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას და ამავდროულად სახელმწიფო ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვას განაგრძობს.

პირველ რიგში, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ის ფიგურები არიან, რომლებსაც უწევთ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზოგიერთი მოქალაქისათვის შეიძლება არასასიამოვნო იყოს. ბევრი მაგალითი არსებობს, როდესაც სრულიად გაუწონასწორებელმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ამ თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო და მისი უბედურების მიზეზი.

გარდა ამისა, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ფლობს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და მათ უწევთ გარკვეული ქმედების განხორციელება. სწორედ ამიტომ, ისინი ექვემდებარებიან სახელმწიფო დაცვას.

მაგრამ ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს აღარ აქვს სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომა, შესაძლოა ასეთი ინფორმაცია არც არსებობდეს, რადგან ჩვენი უმაღლესი თანამდებობის პირები ძირითადად სახელმწიფო გარიგებებით არიან დაკავებული.

სწორედ ამიტომ არ გვაქვს ჩვენ სახელმწიფო და სწორედ ამიტომ ვიღებთ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ინსტიტუტების შეურაცხყოფას და აბუჩად აგდებას”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას "დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განუცხადეს, მოცემულ ეტაპზე არ იკვეთება რაიმე გარემოება, რის გამოც გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა.

თავად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კანონში გაჩენილ ახალ ჩანაწერს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცავს, პერსონალურად მასზე მორგებულ ცვლილებად მიიჩნევს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები