პოლიტიკა

გიგი წერეთელმა თურქეთის პარლამენტის სპიკერთან ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული მოვლენები განიხილა

18.10.19 18:00


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ბელგრადში თურქეთის პარლამენტის სპიკერს, მუსტაფა სენთოფს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, მოლაპარაკების მთავარი საკითხი ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია იყო.

გიგი წერეთლის განცხადებით, ახალი კონფლიქტისა და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ამ რეგიონში საჭიროა სასწრაფოდ ვითარების ნორმალიზება. მისივე თქმით, თურქეთი ეუთო-ს წევრი ქვეყანაა და მას უფლებებთან ერთად, ვალდებულებებიც გააჩნია. მიუხედავად რთული პრობლემებისა, განსაკუთრებით ტერორიზმისა და სასაზღვრო კონტროლის, თურქეთმა თავისი მიზნების განხორციელება უფრო მშვიდობიანი საშუალებებით უნდა შეძლოს, ვიდრე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებით.

გიგი წერეთლის განცხადებით, ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობისა და ლიდერების ჩართვა გადამწყვეტია მშვიდობის დასამყარებლად.

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსტაფა სენთოფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო მოქმედებები მხოლოდ ტერორისტების წინააღმდეგ არის მიმართული და დაადასტურა, რომ ანკარას ოპტიმალურ მიზანს წარმოადგენს სრული კონტროლი საკუთარი ტერიტორიისა და საზღვრების, რაც, სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის.

ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ISIS-ის ტერორისტების მხრიდან მნიშვნელოვან საფრთხეს, მიგრაციული ნაკადების ზრდას, რომლებიც დაკავშირებულია ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან, აგრეთვე ყურადღება გაამახვილეს ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებზე.

„თურქეთი არის ეუთოს და მისი საპარლამენტო ასამბლეის ღირებული წევრი და ჩვენ ვაფასებთ მის დიდ წვლილს განსაკუთრებით მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით და ანტიტერორისტული კუთხით, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო მოქმედებები დასრულდეს რაც შეიძლება მალე, მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს კონფლიქტის მოგვარებისა და მოსახლეობის უსაფრხოების მიზნით. ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო ლიდერების მონაწილეობას ამ პროცესში და იმედი გვაქვს, ცხოვრება ნორმალიზდება, მშვიდობიანი მოსახლეობა იქნება დაცული და მოხდება ახალი ჰუმანიტარული კატასტროფის პრევენცია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები