პოლიტიკა

"უზბეკეთი ისწრაფვის დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს" - თურნავა

22.10.19 10:00


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და ნიკოლოზ ალავიძე, ასევე უზბეკეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

უზბეკეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა.

როგორც ნათია თურნავამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, უზბეკეთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს აბრეშუმის გზის კონტექსტში და ასევე ორმაგად საინტერესოა საქართველოსთვის, რადგან ამ პერიოდში უზბეკეთმა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები და ღია და ლიბერალური ბაზრის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო.

„უზბეკეთს აქვს ძალიან განვითარებული ინდუსტრია - ყველანაირი ინდუსტრიული ტვირთი, რომელიც ეძებს საუკეთესო და ყველაზე მოკლე გზას ევროპული ბაზრებისკენ. საქართველო ამ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ სწორედ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც უზბეკეთია, ისარგებლონ ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, განვითარებული საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურით, რათა მათმა ტრანზიტულმა ტვირთებმა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს ევროპულ ბაზრებს. ასეთი ქვეყნები ისწრაფიან დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-უზბეკეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და საქარველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ისაუბრეს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები