პოლიტიკა

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი - ძალიან მინდა, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთში ჩაატაროს ფორუმი, რომლის მიზანი იქნება უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში

22.10.19 13:10


მე მაქვს ერთი სურვილი, ძალიან მინდა, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთში ჩაატაროს ფორუმი, რომლის მიზანი იქნება უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა ჩინეთიდან საქართველოში, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოში არაერთი კერძო და სახელმწიფო ჩინური კომპანიაა, რომლებიც ძალიან დიდი წარმატებით მუშაობენ. ლიუ ჰუი იმედოვნებს, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წარმატების მომტანი იქნება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი ახსენა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. როგორც იცით, ეს არის ჩვენს მიერ ამ რეგიონში ხელმოწერილი პირველი ამგვარი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 900 მილიონ დოლარს მიაღწია. ჩინეთის ინვესტიციით შექმნილი სპეციალური ეკონომიკური ზონები და ინდუსტრიული პარკები ძალიან დიდი წარმატებით მუშაობენ. ჩინური კომპანიების ინვესტიციით საქართველოში არაერთი საწარმო და კომპანია არაერთ დარგში მუშაობს.

მაგალითად: ავტომაგისტრალების, გვირაბების, ელექტროსადგურების მშენებლობის მხრივ. ვიცით, რომ საქართველო არის ყველაზე მოკლე მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი ფორუმი. ეს არის ძალიან მაღალი დონის ფორუმი, რომელსაც მოჰყვება ძალიან ფართო გამოხმაურება საზოგადოებისა და მთავრობების მხრიდან. ეს სწორედ, „აბრეშუმის გზის“ სულისკვეთების გამოხატულებაა. დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელ ფორუმში მონაწილე კომპანიები და მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში. მჯერა, რომ ეს ფორუმი დიდი წარმატების მომტანი იქნება. განსაკუთრებით სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში და ა.შ.“, - განაცხადა ლიუ ჰუიმ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები