საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 20 აგვისტოს იწყება

16.08.16 15:50


გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი საქართველოში 20 აგვისტოს დაიწყება და 2017 წლის 1 მარტამდე გასტანს, აღნიშნულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პირი, რომელიც გადამფრენ ფრინველებზე ნადირობს, ვალდებულია თან იქონიოს გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), (ღირებულება 10 ლარი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში; საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

აკრძალულია მცენარეული საფარის დაწვა, გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა) ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა; საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება.

ასევე დაუშვებელია ნადირობა ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით.

მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა).

შესაძლებელია მონადირე ძაღლების, გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადსტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.

ნადირობა დაშვებულია შემდეგი სანადირო იარაღების გამოყენებით: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები