საზოგადოება

საქართველოში არსებული კლინიკების ნაწილი შესაძლოა, გაერთიანდეს

30.10.19 11:45


საქართველოში არსებული კლინიკების ნაწილი შესაძლოა, გაერთიანდეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნულის აუცილებლობა შეიძლება დადგეს იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკებს სელექციური კონტრაქტირების ფარგლებში გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ.

„დღეს ჩვენ კლინიკების ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს. მსოფლიოში ვართ მეორე ან მესამე ადგილზე. 79 კლინიკა გვაქვს 1 მილიონ მოსახლეზე, რომელიც არის ძალიან მაღალი ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით.

ჰოსპიტალების სიმრავლე იწვევს მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს იმიტომ, რომ ყველა კლინიკას სჭირდება მენეჯერი, დამხმარე პერსონალი, ფინანსური გუნდი. საწოლფონდი ის გვჭირდება, რაც გვაქვს, მაგრამ ეს არის არარაციონალურად გადანაწილებული, რაც ზრდის მომსახურების ხარჯს და მეორეც, ამცირებს მომსახურების ხარისხს იმიტომ, რომ იმ პატარა კლინიკას განვითარებისა და მაღალტექნოლოგიებში ინვესტიციის შესაძლებლობა აქვს ძალიან დაბალი. ამდენად, როდესაც გაიზრდება სერვისის წარმოების მოცულობა, თავისთავად, აქ ეფექტურობის პოტენციალი იზრდება. ჩვენ გაერთიანებას ვერავის შევთავაზებთ, მაგრამ თვითონ შეიძლება მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უმჯობესია გაერთიანდნენ, რომ სახელმწიფო პროგრამაში სელექციური კონტრაქტის ფარგლებში მიიღონ მონაწილეობა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა ისიც, რას გულისხმობს სელექციური კონტრაქტირება.

„სელექციური კონტრაქტირება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ იქნება სერვისების მიმწოდებელი, მიიღება გარკვეული პირობების ანუ კრიტერიუმების საფუძველზე. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ ჰოსპიტალურ სერვისზე, შეიძლება, გავითვალისწინოთ საწოლფონდი და ვთქვათ, რომ, დავუშვათ, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საწოლების გარკვეული რაოდენობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, გახდეს მონაწილე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში და აქვე განმარტა, რომ ბევრი ქვეყანა, როდესაც ჰოსპიტალურ სექტორს გეგმავს, ითვალისწინებს, რომ კლინიკაში არ იყოს 300 საწოლზე ნაკლები, თუმცა იმის გამო, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, შეიძლება საუბარი 150 საწოლზე იყოს. მისივე თქმით, კლინიკების გეოგრაფიული მდებარეობაც გასათვალისწინებელი იქნება, რადგან რაიონულ ცენტრში შეიძლება საერთოდ არ იყოს 150 საწოლის აუცილებლობა, ამიტომ იქ უფრო პატარა ზომის საავადმყოფოს შენარჩუნება იქნება საჭირო.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სელექციური კონტრაქტირების ფარგლებში შემუშავებულ კრიტერიუმებს შორის ერთ-ერთია ის, რომ ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს რამდენიმე პროფილი.

„ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს არა ერთი პროფილი, არამედ რამოდენიმე და იყოს ჩამონათალი ამ პროფილების, თუ რა პროფილი უნდა ჰქონდეს, მაგალითად ქირურგია, მიანგინეკოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია და.ა.შ. ასევე, შეიძლება, იყო მოთხოვნები ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური სერვისების თვალსაზრისით, უნდა ჰქონდეს, დავუშვათ, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული მთელი რიგი სხვა გამოკვლევების ჩატარების საშუალება. აი, ასეთი პირობები ჩამოყალიბდება ხელშეკრულების ფარგლებში და უკვე მხოლოდ ეს დაწესებულებები შემოვლენ, როგორც სერვისის მიმწოდებელი სახელმწიფო პროგრამაში“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია მხოლოდ დიდი ზომის კლინიკების შემთხვევაშია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კრიტერიუმებზე, რომელთა დაკმაყოფილებაც კლინიკებს მოუწევთ. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იმედოვნებს, რომ სელექციური კონტრაქტირების შედეგებს მოსახლეობა წლის ბოლოსთვის იგრძნობს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები