ეკონომიკა

„ენგურჰესი" მუშაობას 2021 წლის თებერვალში შეაჩერებს

30.10.19 13:20


საქართველოს ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის, „ენგურჰესის" ხუთივე აგრეგატი 2021 წელს სამი თვით გამოირთვება, რადგან დაგეგმილია დერივაციული (ჰიდროტექნიკური) გვირაბის რემონტი, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ.

ენგურჰესი უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში. ის საქართველოს ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა. ამ ჰესის მიერ გამომუშავებული თითქმის მთელი ელექტროენერგია ზამთარში აფხაზეთს მიეწოდება, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

ენგურჰესი თავდაპირველ სიმძლავრემდე აღდგება: მინისტრმა თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა.

„დერივაციული გვირაბი ძალიან დიდი ობიექტია. რთული გვირაბია, რომელსაც რემონტი ესაჭიროება. მისი სიგრძეა 15,5 კილომეტრი. ყველა აგრეგატი გაჩერდება და წყალსაცავს წყლისგან გაათავისუფლებენ", - აღნიშნა ხუბუამ.

მისი თქმით, სარემონტო სამუშაოების გადადება შეიძლება საშიში იყოს.

„არის იმის ალბათობა, რომ, თუ სამუშაოებს არ დავიწყებთ, წყალმა გაჟონოს. მაშინ ჰესის მუშაობის შეჩერება დაუგეგმავად მოგვიწევს", - განაცხადა ხუბუამ.

სარემონტო სამუშაოები თებერვლის ბოლოს დაიწყება, რადგან ამ პერიოდში „ენგურჰესი" ყველაზე ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს - დაახლოებით 500 მილიონ კვტ/სთ-ს.

„მარტსა და აპრილში „ენგურჰესის" წილი ქვეყნის ენერგობალანსში ყველაზე მცირეა. ამ პერიოდში ელექტროენერგია იმპორტირებული იქნება, დამატებით იმუშავებს გარდაბნის თბოსადგურები. ამგვარი ვითარება უკვე გვქონდა 2006 წელს, მაგრამ მომხმარებელზე ეს არანაირად არ ასახულა", - განაცხადა ხუბუამ.

ტურისტული ზონა ენგურჰესზე – მსოფლიო დონის პროექტი დასრულებულია.

„ენგურჰესი" 1961-1978 წლებში შენდებოდა. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, რომელიც ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის კაშხალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ოთხი ვარდნილჰესი — მდინარე ერისწყალზე, გალის წყალსაცავზე. მართვის პულტს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები