საზოგადოება

კახა კალაძე: თბილისს 30 ახალი ავტობუსი შეემატა

05.11.19 16:30


თბილისს 30 ახალი ავტობუსი შეემატა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოლიმპიურ სოფელში ახალი ავტობუსების წარდგენისას განაცხადა.

“გვინდა საზოგადოებას წარვუდგინოთ დამატებით ახალი ავტობუსების პარტია, 30 ერთეული. ამ 30 ავტობუსიდან 23 არის 8 მეტრიანი ავტობუსები და 7 ერთეული არის 10 მეტრიანი ავტობუსები. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც შედგება პრიორიტეტებისგან. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მხედველობაში მაქვს არსებული ავტობუსების პარკის მოწესრიგება, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. კარგად ვიცით, ყვითელი ავტობუსების მდგომარეობა. ის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის, იმ ადამიანებისთვის ვინც ყოველდღიურად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

შესაბამისად, ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ რომ განვახორციელოთ არსებული პარკის ჩანაცვლება ახალი ევროპული ტიპის ავტობუსებით. ჩვენ, ჩვენს დაპირებას ყოველთვის ვასრულებთ. ძალიან მალე, ჩვენ გვექნება ჩანაცვლებული ის ყვითელი ავტობუსები, რომლებიც არის პრობლემური და მთელი რესურსი აქვს ამოწურული.

ვაგრძელებთ მეტროს მიმართულებით მუშაობას. გვინდა, რომ ეს მნიშვნელოვანი ტრანსპორტიც მოწესრიგებული იყოს. დავიწყეთ ისეთი მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელება, რომელიც გულისხმობს ძალოვანი კაბელების ცვლილებები, არსებული ვაგონების რეაბილიტაცია.

უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ კიდევ ახალ ტენდერს ახალი ვაგონების შესყიდვაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე გამართული, სწრაფი და მოწესრიგებული თბილისელებისთვის.

ყველაზე მთავარი რეფორმა ეს არის ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ეს ყველაფერი საერთო ჯამში, ჩვენ მოწესრიგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოგვცემს.

ამ ჩვენს პოლიტიკას ჰყავს კრიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ, რომ საზოგადოებას ყოველთვის მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ყველა იმ რეფორმაზე და გადადგმულ ნაბიჯზე რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს.

ჩვენ საზოგადოებამ აგვირჩია იმისთვის, რომ განვახორციელოთ რეფორმები, მოვაწესრიგოთ ქალაქში არსებული პრობლემები, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც თბილისს და თბილისელებს აწუხებს”, – განმარტა კალაძემ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები