პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი თბილისის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა

07.11.19 10:30


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თბილისის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე შეაჯამეს რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგები.

„ჩვენ ვიწყებთ მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა – მნიშვნელოვნად ავცდეთ 50 %-იან ნიშნულს.

აქედან გამომდინარე, გვჭირდება სერიოზული მომზადება და სწორედ ამაზე ვისაუბრეთ შეხვედრაზე” – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ყველა თემაზე, რაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ხალხთან. ერთ წელიწადზე მოკლე დროში გვაქვს არჩევნები და ამომრჩევლის წინაშე ღირსეულად უნდა წარვსდგეთ. ბოლო დროს ათასამდე შეხვედრა შედგა მოსახლეობასთან. საზოგადოების საჭიროებებს ჩვენ უშუალოდ ხალხისგან ვიგებთ”,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი – კახა კალაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი – ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი ერეკლე ტრიპოლსკი, პარლამენტის წევრები, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები და პარტიის აქტივი. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდა ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები