საზოგადოება

ზღვაში ორი ჯარისკაცის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ძალებია ჩართული

17.08.16 15:20


გონიოში, ზღვაში ორი ჯარისკაცის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ძალებია ჩართული, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.

უწყების ცნობით, საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ინიციატივით, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ძალები, რომლებიც საქართველოში Jackal Stone 2016-ის ორმხრივი წვრთნების ფარგლებში იმყოფებიან.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.

”სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია”, – ნათქვამია განცხადებაში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები