პოლიტიკა

ლილოში მცხოვრებ 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა

12.11.19 18:20


თბილისის მერი კახა კალაძე დიდ ლილოში იმყოფებოდა, სადაც 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. სამგორის რაიონში მცხოვრებმა 23-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღო.

„23 ოჯახს დღეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ. არის შემთხვევები, როდესაც ათეული წლები უწევდათ ამ ბინებში ცხოვრება და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ძალიან მიხარია, რომ ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავთ. ეს მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც წამოვიწყეთ და ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართებით სულ 700 ოჯახი დაკმაყოფილდა. პროექტი გრძელდება, არ ვჩერდებით. მინდა, ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს - მიმართონ რაიონულ გამგეობებს. ისინი მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ფართების დასაკანონებლად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დიდ ლილოში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე - 15 ოჯახი, ხოლო ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე - რვა ოჯახი 1990-იანი წლებიდან ცხოვრობს. აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.

დიდ ლილოში მცხოვრებლებისთვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის პროცესს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და სხვა პირები ესწრებოდნენ.




წყარო : /www.ghn.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები