პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: პარლამენტის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ

14.11.19 16:30


„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას“, - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნას.

ივანიშვილის თქმით, პარლამენტმა ინიციატივა, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების, წინააღმდეგობის გამო ჩააგდო.

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება. იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების, წინააღმდეგობის გამო ჩააგდო.

საზოგადოებაში ისმის კითხვა: როგორ განვითარდა ასე უეცრად ე.წ. „მაჟორიტარული ამბოხი“ მმართველ გუნდში, როცა რამდენიმეთვიანი საკონსტიტუციო პროცესი წარმატებით დასრულდა და საქმე კენჭისყრაზე მიდგა?ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გასაცემად და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, თავს ვალდებულად ვთვლი, რამდენიმე უდავო ფაქტი შევახსენო საზოგადოებას.

კერძოდ: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა, საკუთარი ინიციატივით, ჯერ კიდევ 2017 წელს, იმ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მიიღო, რომელიც ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის ნაწილისა და პარტიული მედიის მხრიდან ორგანიზებული, კამპანიური ხასიათის, აგრესიული ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც, შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში, მხოლოდ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ხმების ხარჯზე განხორციელდა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მაშინ ბოიკოტი გამოუცხადა პროცესს, რომლის შედეგადაც ჩვენ ერთ ლიდერზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე ორიენტირებული კონსტიტუციის ნაცვლად, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია მივიღეთ, რომელიც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად პოზიტიურად შეაფასა“, - აცხადებს ივანიშვილი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები