პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ პარლამენტში მოსვლისგან, რომ ზედმეტი ექსცესები აირიდონ

18.11.19 11:45


მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ პარლამენტში მოსვლისგან, რომ ზედმეტი ექსცესები აირიდონ, - ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის წინ განუცხადა.

მისი თქმით, პოლიციელებს და პარლამენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს გაერთიანებულ ოპოზიციურ სპექტრს შეხვედრა აქვს ყველა იმ ელჩთან, რომელიც საქართველოშია წარმოდგენილი.

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა დღეს, ხვალ და შემდგომ დღეებში.

მთავარია ის, რომ ჩვენ კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად მშვიდობიან დემონსტრაციას ვატარებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ დღევანდელი ღამე ყოფილიყო მშვიდობიანი. რაც შეეხება პოლიციის მოქმედებას, ჩვენ სრულად ვუწყობთ ხელს მათ მუშაობას.

პროტესტი გრძელდება, პიკეტირებულია შესასვლელები. ჩვენ წერილი გავამზადეთ და მივმართავთ ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურებს და ასევე, აშშ-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს ხელმძღვანელ ორგანოებს იმისათვის, რომ მათ მიაქციონ ყურადღება საქართველოში არსებულ ვითარებას. მოქმედება „საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე“, აუცილებლად მოვა სისრულეში. ყველა მოთხოვნა, რომელიც ჩვენ მიერ არის დაყენებული, უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება”, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება პოლიციას საკუთარ ხალხს არ დააპირისპირებს.

“რაც მთავარია, საზოგადოების მოქმედებამ გუშინდელ დღეს არანაირი საფუძველი არ დაუტოვა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, რომ აგრესიული ქმედება განეხორციელებინა დემონსტრანტებთან მიმართებაში.

ჩვენ მშვიდად ვმოქმედებთ, ერთი ექსცესიც კი არ ყოფილა ღამის განმავლობაში.

იმედი მაქვს, რაციონალური აზრი არსებობს ხელისუფლებაში და პოლიციაზე არ გასცემენ ბრძანებას და არ დააპირისპირებენ ხალხთან.

პოლიციაში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს და მე მათაც მივმართავ, უკანონო ბრძანების შესრულება არ არის თქვენი ვალდებულება”,- აღნიშნა ვაშაძემ.

პარლამენტის შენობის თითქმის ყველა მხარეს - რუსთაველის გამზირზე, ჩიტაძის, ჭიჭინაძის და ზუბალაშვილის ქუჩებზე კარვებია გაშლილი.

ამასთან, ქვიშის ტომრებით და სამშენებლო ნარჩენებისგან ბარიკადებია მოწყობილი ჩიტაძის, ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ პარლამენტის შესასვლელებთან. პარლამენტის შესასვლელი კარების ჭიშკარს კი ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან კვლავ ბოქლომი ადევს.

აქციის მონაწილეების თქმით, დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ იქამდე, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე არ დაკმაყოფილდება.

პარლამენტის შენობის მიმდებარედ, მთელ ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზებაა. სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შენობის ეზოშიც.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები