პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებას გააფორმებს

18.11.19 14:30


საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს აშშ-ში, პენტაგონში გამართავს, სადაც საქართველოსა და აშშ-ის შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება. დოკუმენტს ხელი თავდაცვის დეპარტამენტში მოეწერება.

თავდაცვის მინისტრი ვიზიტს ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგის სამხედრო ქვედანაყოფში სტუმრობით დაიწყებს, სადაც ამერიკელ გენერლებთან გამართავს შეხვედრებს და ფორტ ბენინგის ფუნქციების, ამოცანისა და ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ პრეზენტაციას მოისმენს.

ირაკლი ღარიბაშვილი ფორტ ბენინგის ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას და ერაყის საბრძოლო ოპერაციებში გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიაგებს პატივს.

ატლანტაში, ეროვნული გვარდიის ცენტრში თავდაცვის მინისტრი საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება და სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჯორჯიის შტატიდან ვაშინგტონში გადაინაცვლებს. იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში ღია სესიაზე, ასევე შეხვედრა საზღვაო ძალების წვრთნისა და განათლების სარდლობის ხელმძღვანელობასთან ქუანტიკოში. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც გაემგზავრება და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები