პოლიტიკა

საზარელი მკვლელობა ვაკეში - დაღუპული ლევან აბაშიძე წარსულში პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებდა

18.11.19 14:50


ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ისინი იცავდნენ ლევან აბაშიძის სამართლებრივ ინტერესებს, რომელმაც ორგანიზაციას დახმარების თხოვნით 2016 წელს მომართა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა ლევან აბაშიძის სამართლებრივ ინტერესებს, რომელმაც ორგანიზაციას დახმარების თხოვნით 2016 წელს მომართა.

ლევან აბაშიძე აცხადებდა, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა საქართველოს მოქალაქისთვის მინიჭებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, მას პრობლემები ექმნებოდა სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას. მესაზღვრეები მას უცხადებდნენ, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუ რატომ უზღუდავდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას, მაგრამ ჰქონდათ დავალება, რომ იგი არ შემოეშვათ საქართველოში.

2016 წელს ლევან აბაშიძე საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმეში ჩართვის შემდეგ შემოვიდა. ორგანიზაციამ არაერთხელ მოუწოდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაეცვათ ლევან აბაშიძის უსაფრთხოება და უზრუნელეყოთ საქართველოში მისი თავისუფლად, ყველანაირი საფრთხის გარეშე, შემოსვლა და ქვეყნის შიგნით თავისუფლად გადაადგილების უფლება.

ადამიანის უფლებათა ცენტრს ლევან აბაშიძემ 2016 წლის დეკემბრის თვეში წერილობით მომართა, სადაც განმარტავდა რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ მას დაეტოვებინა ქვეყანა, წინაღმდეგ შემთხვევაში „საკუთარი თავისთვის დაებრალებინა რაც დაემართებოდა“.

2018 წელს ლევან აბაშიძეს კვლავ შეექმნა პრობლემა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროს, რის გამო ადამიანის უფლებათა ცენტრმა განმეორებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უზრუნელყოთ მისი ქვეყანაში შემოსვლა და უსაფრთხოება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს გამოძიებას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტებით და საბოლოო დასკვნებამდე სრულად უზრუნველყოს ყველა გარემოების მიუკერძოებელი, ობიექტური გამოკვლევა.

ადამიანის უფლებათა ცენტრში დაცულია ლევან აბაშიძის ვიდეომიმართვა, სადაც იგი საუბრობს დევნაზე და შევიწროებაზე. ორგანიზაცია, მზადაა, ვიდეომიმართვა მიაწოდოს გამოძიებას და ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე - მედიას" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 730


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები