პოლიტიკა

კალაძე: პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი

19.11.19 10:30


საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები კანონის ჩარჩოებს გასცდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ორშაბათს შსს-მ გააფრთხილა აქციის მონაწილეები იმის შესახებ, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და დეპუტატებისთვის საქმიანობის ხელის შეშლა კანონით იკრძალება, თუმცა აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს დაშლაზე. შედეგად შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის წინ გამართული აქცია დაშალეს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 18 პირია დაკავებული.

კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპოლიციო ღონისძიება წესრიგის აღსადგენად ჩატარდა.

„აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს დილიდან ამ ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითიც უხეშად არღვევდნენ კანონს", – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა.

კალაძის შეფასებით, პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და კვალიფიციურად იმოქმედა.

„გვსურს ამისთვის მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცველს. ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია.

მომიტინგეები თავისუფლად განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე", – აღნიშნა კალაძემ.

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვების, ქვიშის ტომრებისა და ცეცხლის დასანთებად საჭირო კასრებისგან გაწმენდილია, ამასთან გახსნილია რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი.

პარლამენტის შენობასთან კვლავ რჩებიან ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები