პოლიტიკა

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს

21.11.19 10:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში დაგეგმილი მისი შეხვედრები დაკავშირებულია ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

მინისტრის თქმით, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან ერთად იმისათვის, რომ მაღალი დონის შეხვედრაზე ასახული იქნას საქართველოს პროგრესი.

„ჩემი ვიზიტი პირველ რიგში დაკავშირებულია ნატოს მომავალ ლიდერების შეხვედრასთან, რომელიც ლონდონში გაიმართება. ეს მინისტერიალი არის ბოლო უმაღლესი დონის შეხვედრა ლონდონის ლიდერთა შეხვედრამდე და მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ ფორმატს იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე იყოს ასახული ლიდერების შეხვედრაზე.

იცით რომ ლონდონის შეხვედრა განსხვავებული ფორმატის შეხვედრაა, ცერემონიული ხასიათის, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ ფორმატს საქართველოს პროგრესის ასახვისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები იქნება საუბრის მთავარი თემა გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მისი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ახლო მომავალში გაიმართება ბერლინსა და პარიზში.

დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის აქტიურ დღის წესრიგს.

დადებითი შეაფასება მიეცა იმ მაღალი დონის ვიზიტებსა და ღონისძიებებს, რომლითაც დატვირთული იყო ბოლო პერიოდში ორმხრივი დღის წესრიგი.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან წარმატებულ ძალისხმევას და პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტქსტში და ამ მხრივ ნატო-სთან წარმატებულ თანამშრომლობას.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები