ეკონომიკა

ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9% შეადგინა

29.11.19 13:30


ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასები 0.8%-ით გაიზარდა.

ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციაზე ყველაზე მეტად იმერული ყველისა და ხორცის გაძვირებამ იმოქმედა (ჯამში 0.2 პროცენტული პუნქტი).

საპირისპიროდ, სეზონური ფაქტორების გამო, გაიაფდა მანდარინი და თვითმფრინავით მგზავრობა (ჯამში 0.2 პპ). წლიურ გამოხატულებაში, ოქტომბერში სამომხმარებლო კალათაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სიგარეტის გაძვირების გამო მოხდა.

იმპორტირებულ და ადგილობრივად წარმოებულ ფილტრიან სიგარეტზე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები შესაბამისად 27 და 28%-ით იყო გაზრდილი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ უფილტრო სიგარეტზე 25%-ით. საერთო ჯამში ამ ცვლილებებმა წლის ინფლაციაზე 0.8 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.

ოქტომბერში სურსათის ინფლაციამ 14.2% შეადგინა. სამომხმარებლო კალათაში სურსათის მაღალი წონიდან (27.3 %) გამომდინარე, მისი გავლენა ინფლაციაზე 3.8 იყო. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ყველის, ხორცის, პურის, შაქრის, კარტოფილის და ვაშლის გაძვირებაზე მოდის.

ჯამში ამ პროდუქტებზე ფასის მატებამ ინფლაციაზე 2.1 პპ-ით იმოქმედა.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფის ფასები წინა წლის ოქტომბერთან შედარებით საშუალოდ 5.9%-ით დაბალი იყო, ხოლო უარყოფითი წვლილი მთლიან ინფლაციაში 0.2 პპ-ით განისაზღვრა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, ოქტომბერში მთლიან ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და 3.4%-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები