პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - საქართველოს თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები ჰყოფს

06.12.19 10:00


ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, ჩემს ქვეყანას თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები და ფიზიკური ბარიერები ჰყოფს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრატისლავაში, ეუთო-ს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზალკალიანმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ადგილობრივებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება და მათ თავიანთ სახლებთან, სახნავ-სათეს ნაკვეთებთან, რელიგიურ ნაგებობებთან, სასაფლაოებთან და წყლის რესურსებთან წვდომა არ გააჩნიათ.

„საოკუპაციო ძალები კვლავ იტაცებენ ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და ექიმებსაც კი. საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების ბოლო შემთხვევა უკანონო ოკუპაციის უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგის კიდევ ერთი დასტურია”, - განაცხადა ზალკალიანმა.

მათივე ინფორმაციით, გამოსვლაში მინისტრმა ეუთო-ს რეგიონის მთავარ გამოწვევად სწორედ არსებული კონფლიქტები დაასახელა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას და საოკუპაციო ძალის განგრძობით აგრესიას.

“უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად უარესდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. საოკუპაციო ძალის მხრიდან გრძელდება ინტენსიური მილიტარიზაცია, რაც ადგილზე ვითარების კიდევ უფრო დიდ დესტაბილიზაციას ახდენს. უფრო მეტიც, საოკუპაციო ძალა კიდევ უფრო წინ მიიწევს საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიებზე მიწების მიტაცებისა და საგუშაგოების მშენებლობის გზით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს. მისი თქმით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეროვნებით ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია გამოიყენება, როგორც საქართველოზე პოლიტიკური წნეხის განხორციელების ბერკეტი .

„ნებისმიერ დროს, ამ ადამიანებმა შეიძლება საოკუპაციო რეჟიმის სხვა მსხვერპლთა - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას ბედი გაიზიარონ. ჯერ კიდევ არავის უგია პასუხი მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდა“ , - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას, რაზეც მოწმობს ის ფაქტი, რომ საქართველო სრულად ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.

„ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებასთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს თავადაც გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და შეასრულოს ეს ვალდებულება. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომლის მიზანია ძალის გამოყენებით შეცვალოს ევროპაში არსებული საზღვრები, მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დავადასტურო, რომ საქართველო არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის მცდელობას და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ნაწილის დროებით ოკუპაციას”, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა აიძულოს რუსეთის ფედერაცია შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

„საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი განუხრელად განაგრძოს სვლა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე და კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი დემოკრატია. ჩვენ მზად ვართ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესის შედეგები და სიკეთეები საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებსაც გავუზიაროთ“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები