პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: პროპორციულ სისტემას არჩევნებზე გაცილებით დაბალანსებული შედეგის მოტანა შეუძლია

09.12.19 13:00


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი, ანდრიუს კუბილიუსი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას მეტი პროპორციულობისკენ მოუწოდებს, რასაც მომავალი წლის არჩევნების შემდეგ უფრო დაბალანსებული შედეგების მოტანა შეუძლია.

“დღეს ჩვენ ევრონესტის სესიას ვიწყებთ, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება.

მთავარი განსახილველი საკითხი, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალია. თქვენ იცით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა წელს დაარსებიდან 10 წლისთავს აღნიშნავს.

ბევრი რამ მიღწეულია. არიან მოწინავე ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, რომლებსაც აქვთ ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, ასევე არის კიდევ დანარჩენი სამი ქვეყანა, რომელთა განვითარება სპეციფიურია. ჩვენ განვიხილავთ, რა სახის სტრატეგია უნდა ჰქონდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას მომავალი 10 წლის განმავლობაში. არის ინიციატივა „ტრიოს სტრატეგია“, „ტრიოს პროცესი“ და სხვები. ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ამას გარდა, ევრონესტის კომიტეტებს აქვთ სპეციალური ანგარიშები სხვადასხვა საკითხზე, რომლებიც იქნება განხილული. ერთ-ერთი ანგარიში ეძღვნება საპარლამენტო ზედამხედველობას, დემოკრატიის განვთარებას და სხვა მსგავს საკითხებს, რაც არის დროული საქართველოში ბოლო დროს გარკვეული პოლიტიკური კრიზისული მოვლენების გათვალისიწნებით “, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

რაც შეეხება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის პოლიტიკურ დიალოგს, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, გუშინ დიალოგი საკმაოდ წარმატებული იყო. ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პროპორციულ სისტემას არჩევნებზე გაცილებით დაბალანსებული შედეგის მოტანა შეუძლია.

“როგორც მესმის, არსებობს ამ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმება.

კერძოდ, იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საარჩევნო სისტემის მოდერნიზება. მოვუწოდებდი უფრო მეტი პროპორციულობისკენ, რასაც შეუძლია, მოიტანოს უფრო დაბალანსებული შედეგები მომავალი წლის არჩევნების შემდეგ, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ის, რაზეც უნდა დაფიქრდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებში ბოლოდროინდელ მოვლენებში, საკმაოდ ბევრ მათგანში ვხედავთ ერთგვარ ფენომენს, რომელსაც შეგვიძლია, ვუწოდოთ მონოუმრავლესობის ან სუპერუმრავლესობის ფორმირება. ერთი მხრივ, ეს გაძლევს რეფორმების დაჩქარების საშუალებას, მეორე მხრივ კი – ყოველთის ასეთი სახის უმრავლესობის არსებობისას არის უმრავლესობის არასაუკეთესო დემოკრატიული გზით გამოყენების ცდუნება“ ,- აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.

თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მერვე ყოველწლიურ სესიას – “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ მასპინძლობს. სესია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მთავარი განსახილველი საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი იქნება.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები