საზოგადოება

საქართველოში ბავშვებს შორის ინფექციური დაავადებების შემთხვევები გახშირდა

19.08.16 15:50


პარვოვირუსით დაინფიცირების გახშირებული შემთხვევები, განსაკუთრებით ბავშვებში, პანიკისათვის საბაბს არ წარმოადგენს, ეპიდემია არ არსებობს და არც იქნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия დაავადებათა კონტროლის ეროვნულიცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსზე ხათუნა ზახაშვილზე დაყრდნობით.

ბოლო დროს გახშირდა პედიატრებთან მიმართვიანობა ბავშვებში მაღალი ტემპერატურით და გამონაყარით. ეს სიმპტომები ინფექციური დაავადების პარვოვირუსის გავრცელებაზე მეტყველებს.

პარვოვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს და ის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. ამ ინფექციის მქონე პირებს არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტები ადამიანებთან და უნდა დარჩნენ სახლში. ამ ვირუსით ძირითადად ბავშვები ავადდებიან.

„უმეტეს შემთხვევებში დაავადება გართულებების გარეშე მიმდინარეობს, რეციდივები იშვიათია“,- აღნიშნა ზახაშვილმა.

პირველი სიმპტომებისთანავე (სიცხე, გამონაყარი) მშობლებმა ექიმს უნდა მიმართონ.
„ეს სიმპტომები სხვა მიზეზებმაც შეიძლება გამოიწვიონ. სპეციალისტმა უნდა დაადგინოს დიაგნოზი და შემდეგ მკურნალობა დანიშნოს. თვითმკურნალობას ნუ მიჰყვებით“,-ხაზი გაუსვა ზახაშვილმა.

დაავადების თავიდან აცილების მიზნით ხშირად დაიბანეთ ხელები და ჰიგიენა დაიცავით.

რაც შეეხება იმას, რომ თითქოსდა პარვოვირუსი სიცხის გამო გავრცელდა, ზახაშვილის სიტყვებით-ეს სიცრუეა. მან ასევე გამორიცხა ის, რომ ვირუსი ბავშვს ზღვაზე დასვენების შემდეგ შეიძლება აღმოაჩნდეს.

„პირიქით, სადაც მზის სხივები და ჰაერის ბუნებრივი ვენტილაცია არსებობს, ასეთი ინფექციის გაჩენა ნაკლებად სავარაუდოა. ერთადერთი რისკია-ხალხმრავლობა და ჰიგიენის არარსებობა“,-ხაზი გაუსვა ზახაშვილმა.

ზახაშვილის სიტყვებით, სიცხის დადგომასთან ერთად საქართველოში როგორც წინა წლებში კუჭნაწლავის სხვადასხვა ინფექციური დაავადებებია გავრცელებული, რაც საჭმელში არსებული ბაქტერიების აქტივიზაციასთან არის დაკავშირებული.

პარვოვირუსული ინფექცია-ძირითადად საბავშვო ასაკის მწვავე ინფექციური დაავადებაა. ორსულებში მან შეიძლება გამოიწვიოს მუცლადყოფნის ინფექციები, ნაყოფის წყალმანკი და მისი დაღუპვა.

პირველ ფაზაში, როდესაც ის გარშემომყოფთათვის გადამდებია, რთულია ის განასხვავო გაციებისგან ან სხვა ვირუსული ინფექციისგან.

კაშკაშა ლაქისებური გამონაყარი ჯერ სახეზე ჩნდება, შემდეგ სხეულზე, ხელებზე და ფეხებზე. ასეთი სიმპტომები ბავშვებისათვის არის დამახასიათებელი. დიდებში გამონაყარი შეიძლება საერთოდ არ გაჩნდეს, თუმცა შესაძლოა სახსრების ტკივილები.

ქართველი სპეციალისტები მოუწოდებენ ყველას ყურადღებით დააკვირდნენ სიმპტომებს და ექიმებს დროულად მიმართონ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები