პოლიტიკა

2017 წელს ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გათავისუფლდნენ

17.12.19 17:40


2017 წელს ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გათავისუფლდნენ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

კონსტანტინიდის ცნობით, ახლახან მიიღეს ინფორმაცია, რომ საქართველოს სამმა მოქალაქემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა გათავისუფლებულები საქართველოში რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ.

„ჩვენი მეზღვაურები ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

დავუკავშირდით ადგილზე ადვოკატს, ჩვენი საელჩო ადგილზე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლიბიაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ისინი უკვე იმყოფებიან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ და უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან საქართველოში.

ჩვენი მოქალაქეები, სამი მეზღვაური ლიბიის ტერიტორიულ წყლებში 2017 წელს დააკავეს. თავდაპირველად სასამართლომ მათ რამდენიმე ბრალდება წაუყენა, კერძოდ ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურების დაკავების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, ავამუშავეთ ყველა დიპლომატიური ბერკეტი“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

კონსტანტინიდის თქმით, მეზღვაურებს ბოლოს ნავთობის უკანონო შეტანა ბრალდებოდათ, რისთვისაც მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა ჰქონდათ დაკისრებული. მათ აღნიშნული ბრალდებაც მოეხსნათ.





წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები