პოლიტიკა

თბილისში ელჩების კონფერენცია 2019 გრძელდება

18.12.19 11:00


თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „საქართველო – ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა საერთო ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებისთვის“ გრძელდება. ელჩების კონფერენციის მეორე დღე სხვდასხვა თემატურ შეხვედრებს დაეთმობა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სესია – „ევროპა ახალი გამოწვევების ფონზე“, რომელზეც სიტყვით წარდგება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

სესიაზე განიხილავენ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებს და ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებს, რომელიც გავლენას ახდენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება სესია – „ნატო, შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველო“.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. სესიაზე შეაფასებენ ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ისაუბრებენ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.

სესიაზე – „საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა“ ქართველი დიპლომატები განიხილავენ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, აძლევს საშუალებას თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის სამი ძირითადი ღირებულების – დემოკრატია, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობა – დაცვაში.

სესიაზე ყურადღება გამახვილდება საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე და მათ მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

დღეს ასევე გაიმართება სესია „საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო ორგანიზაციებში“.

შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ყურადღება გამახვილდება ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელობაზე. სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება სესია „აშშ და საქართველო; სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე მოვლენები“ რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე იმ მიმართულებებზე, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებში უსაფრთხოების გაძლიერებას, ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეეხება.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ ლათინური ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობაზე. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება სესია, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების განხილვას დაეთმობა. შეხვედრაზე სიტყვით წარდგება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.





წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები