პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: აუცილებელია, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს გაუჩნდეთ გრძნობა, რომ საელჩო მათი სახლია

18.12.19 13:00


საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ელჩების კონფერენციის მონაწილეებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა წინაშე სიტყვით გამოვიდა.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად, პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებზე გამახვილდა ყურადღება.

ამ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ისაუბრა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საგარეო უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც მიმართულია მისი გათავისუფლების მაქსიმალური დაჩქარებისკენ.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოზიტიური იმიჯის გაძლიერების მნიშვნელობაზე და საერთაშორისო კონსოლიდაციის დ მხარდაჭერის მოპოვების მნიშვნელობაზე.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკური საქმიანობის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ საკითხს, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას.

დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დიასპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობას. მისი განცხადებით სახელმწიფო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ დაეხმაროს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

„აუცილებელია, ჩვენი დიასპორის ყველა წარმომადგენელს გაუჩნდეს გრძნობა, რომ საელჩო არის მათი სახლი, მოქალაქეებმა არ უნდა იგრძნონ არანაირი ბარიერი საელჩოსა და მათ შორის “- აღნიშნა ზალკალიანმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი სიგელები გადასცა: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას; ბელორუსში, ბრაზილიაში, ეთიოპიაში, ესტონეთში, ინდონეზიაში, კვიპროსში, პოლონეთში, უკრაინაში, ევროსაბჭოში, ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, ასევე, სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულს და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორს. ​




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები