პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებს

18.12.19 15:40


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტს კარლ გერშმანს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანის, ასევე USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილეს ალექს სოკოლოვსკის და ვაშინგტონში არსებული კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე საქართველოში გატარებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.

"მათ შორის ისეთ სფეროში როგორიც არის მართლმსაჯულება, ასევე საარჩვენო რეფორმა, რომლის განხორციელებაც იგეგმება უახლოეს მომავალში OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ყურადღება ასევე დაეთმო რეგიონში და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, მათ საპასუხოდ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და პრიორიტეტებს.

საუბრის მთავარი თემა იყო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება", - აცხადებენ პარლამენტში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადილის კახა კუჭავას თქმით, პოზიტიური და საინტერესო შეხვედრა იყო.

"ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც მეგობრებს ვხვდებით. ვსაუბრობთ იმ მიღწევებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. 2020 ძალიან საინტერესო წელი იქნება, ამიტომ, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, სხვადასხვა მიმართულებებზე, რომლებზეც კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მუშაობა",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.

შეხვედრის შესახებ მმართველის გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საკითხები განიხილეს, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან არის დაკავშირებული.

"ჩვენს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც დემოკრატიის ეროვნული ფონდი ასრულებს საქართველოში.

ისინი აფინანსებენ არაერთ პროექტს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ ვითანამშრომლოთ და ეს ინტერესი გამოიხატა კიდევ ერთხელ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტის მხრიდანაც.

დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო და პროდუქტიული", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და აშშ-ის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები