პოლიტიკა

ლონდა თოლორაია - პრობლემები იკვეთება, როგორც პოლიციაში, ისე სკოლაში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით

18.12.19 16:20


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, პრობლემები იკვეთება, როგორც პოლიციაში, ისე სკოლაში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, თოლორაიას განცხადებით, მოწმეებს შორის არიან, როგორც პოლიციის თანამშრომლები, ისე სკოლის მასწავლებლები.

„გარემოებები, რომლებიც ბავშვებისთვის მისაღები და სასურველი არ არის, იკვეთება სკოლაშიც. ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა პოლიციაშიც.

შესაბამისად, მოწმეთა შორის არიან პოლიციის თანამშრომლები, ასევე, იკითხება ყველა მასწავლებელი და მოსწავლე“ ,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც მოწმეთა სიაში არიან, თოლორაია ამბობს, რომ მათ ემოციურ მდგომარეობას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.

„ამიტომ, ჯერ ვამბობ იმას, რისი თქმაც ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე შემიძლია“ ,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

თოლორაიას თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დარჩება.

რაც შეეხება დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს, როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, ყველა დეტალი, რომელიც მის წარსულ საქმიანობას ახასიათებს, საქმეში ჩაიდება და სხვა მტკიცებულებებთან ერთად იქნება განხილული.

„ბავშვებთან მუშაობა, ბავშვების გამოკითხვის მეთოდიკა, ბავშვების გამოკითხვა ღამის საათებში, ბავშვების გამოკითხვა ერთმანეთის თანდასწრებით – ამ პრობლემებზე სამუშაოა და ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების სამუშაო საკითხი“ ,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ პარლამენტში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს შეხვდა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები