საზოგადოება

საავტომობილო გზებზე "შავი წერტილების" იდენტიფიცირება კანონით დარეგულირდება

13.01.20 15:00


საქართველოს საავტომობილო გზებზე "შავი წერტილების" იდენტიფიცირება კანონით დარეგულირდება. ცვლილება შედის "საავტომობილო გზების შესახებ" კანონში, რომელსაც ემატება ახალი მუხლი "შავი წერტილების" იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.

წარმოდგენილი პროექტით, "შავ წერტილად" განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300 მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.

„შავი წერტილის“ იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ან/და მუნიციპალიტეტების ორგანოებისთვის, მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით, განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ან/და მუნიციპალიტეტების ორგანოები, მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით, „შავი წერტილების“ აღმოფხვრის და მათზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად შეიმუშავებენ წესებს. დასახელებული წესი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან მიმართებით დამტკიცდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის - ერთობლივი ნორმატიული აქტით, ხოლო მუნიციპალიტეტთან მიმართებით - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.

„საგზაო უსაფრთხოების საკითხის აქტუალობას ქვეყანაში განაპირობებს საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევებისა და მათგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი სტატისტიკური მაჩვენებლები. 2019 წლის 11 თვის მდგომარეობით (იანვარი-ნოემბერი) დაფიქსირებულია 5,330 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რამაც გამოიწვია 427 ადამიანის დაღუპვა და 7,291 სხეულის მძიმე დაზიანება.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის მიზანს წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის და მძიმე დაზიანებების შემცირება. 2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს მთავრობის №317 განკარგულებით დამტკიცდა საგზაო უსაფრთხოების 2019 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 5 ძირითად ამოცანას: ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფა, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემდგომ ეფექტური რეაგირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ადგილების ზუსტი განსაზღვრისა და მათზე შესაბამისი (გასაუმჯობესებელი) ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

დღეისათვის არსებული პრაქტიკის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დადგენა ხდება 1 კმ-იანი სიზუსტით, რაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამასთან, პრაქტიკულად არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა შავი წერტილების იდენტიფიცირების და აღმოფხვრის მიმართულებით, რაც გამოწვეულია აღნიშნული ტერმინის დეფინიციის არ არსებობით და მასზე შესაბამისი პასუხისმგებლობის გაუნაწილებლობით“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. პროექტი პარლამენტშია უკვე ინიცირებული.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები