საზოგადოება

ბაქოს სილამაზის კონკურსზე ქართველმა გაიმარჯვა

22.08.16 21:50


დსთ-ისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების სილამაზის საერთაშორისო კონკურსის Miss Union Baku — 2016 გამარჯვებული ქართველი მაია ამაშუკელი გახდა.

Miss Union Baku – 2016-ის ფინალი 20 აგვისტოს გაიმართა.

ფინალურ ღონისძიებაში საქართველოს წარმომადგენლის კონკურენტები იყვნენ ლამაზმანები ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

პირველი ვიცე-მისი 22 წლის აზერბაიჯანელი ლიამან ახმედოვა გახდა.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს ქვეყნის შემოქმედებითი მხარე (ყველა მონაწილემ თავისი ეროვნული კულტურა ხელოვნების ნებისმიერ ჟანრში წარმოადგინა), სპორტული შოუ, ინტელექტუალური კონკურსი და თემატური დეფილე.

კონკურსის ორგანიზატორები არა მხოლოდ სილამაზის პროპაგანდას ეწეოდნენ, არამედ ამ ღონისძიებას სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის დანიშნულებაც მიანიჭეს: ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის 30% კიბოთი დაავადებულების მკურნალობას მოხმარდება.

მაია ამაშუკელი 23 წლის თბილისელი გოგონაა. ის უკვე მონაწილეობდა სილამაზის სხვადასხვა კონკურსში. კონკურსში „მის საქართველო 2015“ მან გაიმარჯვა ნომინაციაში „მის მეგობრობა“, ხოლო კონკურსში World Miss University 2015 — ნომინაციაში „მის ფოტოგენურობა“.

კონკურსის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ კითხვაზე, როგორ გადაარჩენს სილამაზე მსოფლიოს, მაიამ უპასუხა: „ლამაზ სხეულში ლამაზი სულია. ლამაზი და კეთილი სული სიყვარულს ასხივებს. მე კი სიყვარულს ვჩუქნი მთელ მსოფლიოს“.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 2467


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები