საზოგადოება

გზების დეპარტამენტმა რიკოთის მეოთხე მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა

16.01.20 18:20


საავტომობილი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო, მეოთხე მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა.

დეპარტამენტის ცნობითვე, საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვეს ერთობლივმა საწარმოებმა “Guizhou Highway Engineering Group-მა” და “ჩინეთის ეროვნულმა ტექნიკურმა ექსპორტისა და იმპორტის კორპორაციამ”.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-მა კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს, 16 იანვარს გააფორმა. რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო, მეოთხე, მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დაახლოებით 600 მლნ ლარით აფინანსებს.

“რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობას 582 777 310 ლარით აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

ამ მონაკვეთზე აშენდება 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4- ზოლიანი გზა, 14 ხიდი და 12 გვირაბი. სამუშაოების დასრულებას 3 წელი დასჭირდება.

შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 14.7-კმ-იანი გზა ავტოტრანსპორტს გაუადვილებს მთაგორიან მონაკვეთებში, ხევებსა და მდინარეებზე გადაადგილებას. ამჟამად რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ერთ მონაკვეთზე დაწყებულია სამობილიზაციო სამუშაოები”, – წერია განცხადებაში.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს:

“საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ამ მანძილის დაფარვას 8 საათის ნაცვლად 4-4.5 საათი დასჭირდება”.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები