პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პრობლემური საკითხები გასული წლის ბოლოს დალაგდა. კლინიკების უდიდესი ნაწილი ანაზღაურებულია

17.01.20 14:00


პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე ლევან კობერიძის მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღეს იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ხვდება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით.

„თუმცა, მხოლოდ ეს შეხვედრა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმის ნაწილი. ჩვენ გასული წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრთან და შესაბამისი უწყებების მინისტრებთან, მათ შორის, ეკა ტიკარაძესთან ერთად, შევხვდით კლინიკების ხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ ეს გასული წლის ბოლოს დალაგდა. უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი ინფორმაციით, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილია დარგობრივი, თემატური ჯგუფები, სადაც დარგის სპეციალისტები მუშაობენ კონკრეტული ნოზოლოგიებისა და განფასების წესის დასადგენად და დასათვლელად. მისივე თქმით, მანამდე არსებული დისკომუნიკაცია არის აბსოლუტურად აღმოფხვრილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სრულად არის ჩართული ამ პროცესში.

„მთავარია, ყველას გვქონდეს სურვილი იმისა, რომ სისტემა სწორად იმართებოდეს, რადგან ყველაზე მეტ შემხებლობაში მოსახლეობასთან, გეთანხმებით, სწორედ ჯანდაცვის სექტორი არის. ამიტომ თქვენი დახმარებაც და თქვენი რესურსიც, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება, გამოვიყენოთ პოზიტიურად. ჩაერთეთ, ვიმუშაოთ ერთად, პრობლემები, ხარვეზები აღმოვფხვრათ და სისტემა გავმართოთ იმაზე უკეთ, ვიდრე იყო აქამდე“, - მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ ლევან კობერიძეს.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები