პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ისრაელში გაემგზავრება

20.01.20 10:00


საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან და ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან შეხვედრებს გამართავს.

ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია "სიონის მეგობრები", რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურს, ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი მეგობრობისა და თანადგომისათვის "სიონის მეგობართა ორგანიზაციის" უმაღლეს ჯილდოს გადასცემს. ორგანიზაციის ჯილდოები, რომლის პირველი თავმჯდომარე ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო, მიღებული აქვთ აშშ-ს პრეზიდენტებს ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს.

იერუსალიმსა და თელავივში სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან: შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრში, ისრაელის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, ასევე გამოცდილების გაზიარების მიზნით, შშმ პირთა, გასაჭირში ჩავარდნილი პირებისა და მოხუცთა დახმარების სწრაფი რეაგირების ორგანიზაციასთან “იად სარა“.

საქართველოს პრეზიდენტი შიბას სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ონკოლოგიურ დეპარტამენტს ეწვევა და ასევე ისრაელის პოლიტიკაში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატებულ ქალებს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მსოფლიო ებრაული სააგენტოს - სოხნუთის თავმჯდომარესთან, იცხაკ (ბუჟი) ჰერცოგთან და იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქთან, თეოფილე მესამესთან.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების პროგრამაში, პრეზიდენტის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებში იგი რამდენიმე მუზეუმს ეწვევა.

სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოს წარმომადგენლებსა და ისრაელში დაბადებულ ქართველ ებრაელთა წარმატებული ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კულტურის მინისტრთან და ქალაქ იერუსალიმის მერთან ერთად, იერუსალიმში საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალ ოფისს გახსნის.

ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება და 28 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები