პოლიტიკა

ელისაბეთ რუდი - საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დემოკრატიის გზაზე

20.01.20 14:40


საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიის გზაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბეთ რუდმა „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, მარკუეინ მალინის წერილზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, „კონგრესმენები წარმოადგენენ ამერიკის საკანონმდებლო შტოს და დეტალები სჯობს მათ ჰკითხოთ“.

"რაც შემეხება მე, როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელს, უნდა აღვნიშნო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიულ გზაზე, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით და წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, წავიდნენ გარკვეულ დათმობაზე და მიიღონ საუკეთესო მოდელი ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე, მსურს ვახსენო, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმისა და კანონმდებლობის მიღება, რომელიც გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ნებისმიერი საგამოძიებო პროცესი, ბრალება თუ სასამართლო პროცესი იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან, რადგანაც ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ადამიანის უფლებათა დაცვას და საქართველოს დემოკრატიას.

შესაბამისად, ხელს შეუწყობს უფრო მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნას ქვეყნისთვის და ამავდროულად, გააძლიერებს იმ ღირებულებებს, რაც არის საფუძველი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობისთვის", - განაცხადა რუდმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები