საზოგადოება

გაზსადენის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულმა ერთმა პირმა დანაშაული აღიარა

23.08.16 16:00


ბექა ბექაური — ერთ-ერთი ბრალდებულია იმ შვიდთაგან, ვისაც რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქების მცდელობაში ედება ბრალი და ვინც დანაშაული აღიარა, ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა აცნობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შვიდი კაცი დააკავეს, ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით.

დაკავებულნი აპირებდნენ იმ გაზსადენის აფეთქებას, რომლითაც ხდება რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანსპორტირება. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად სტუმრობდა უკრაინას.

ამ დროისათვის თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ბრალდებულთათვის თავისუფლების აღკვეთის საკითხს.

პროკურატურა თითოეული მათგანისათვის წინასწარ თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

ბექა ბექაური სასამართლო დარბაზში არ იმყოფება, რადგან მან მრავლობითი დაზიანება მიიღო და ჰოსპიტალიზებულია. ბექაურის ნათესავები და ახლობლები თვლიან, რომ მას სცემდნენ იმისათვის, რომ აღიარებითი ჩვენება მიეღოთ, თუმცა უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების დროს ბექაურმა გაქცევა სცადა და სწორედ ამ დროს მიიღო მან დაზიანებები.

სუს-ის ვერსიით, ჯგუფი გეგმავდა საგურამოში არაგვის გასწვრივ მდებარე გაზსადენის ღია მონაკვეთის აფეთქებას. ამისათვის ისინი 20 აგვისტოს ტყეში გაემგზავრნენ, რომელიც სოფლების ჟინვალისა და შატილის შემაერთებელი გზის მახლობლად მდებარეობს, რათა სამალავიდან იარაღი წამოეღოთ.

როგორც გამოძიება აცხადებს, ჯგუფის წევრებმა სამალავიდან ამოიღეს: 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. „ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი.

ეს არსენალი ბოროტმოქმედებმა მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

ამის შემდეგ გამომძიებლებმა დაათვალიერეს სამალავი, საიდანაც დამატებით ამოღებულია 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა.

ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით: ტერორისტული აქტის მომზადება პირთა ჯგუფის მიერ; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება; ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; დანაშაულის შეუტყობინებლობა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1153


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები