პოლიტიკა

აშშ-ს წარმომადგენლობა ეუთო-ში განცხადებას ავრცელებს, სადაც გიგი წერეთლის საქმიანობას აფასებს

21.01.20 17:00


ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობა ეუთო-ში განცხადებას ავრცელებს, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიგი წერეთლის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს და მას მადლობას უხდის. აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დინამიური ხელმძღვანელობით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აქტიურად ამოქმედდა ეუთო-ს რეგიონში. ჩვენ ვაფასებთ საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთო-ს მუდმივ საბჭოს შორის თანამშრომლობის ახალ დონეს, რომელსაც თქვენ და ასამბლეის ხელმძღვანელობამ შეუწყო ხელი. თქვენი ხელმძღვანელობით, საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებმა და სპეციალურმა წარმომადგენლებმა გააძლიერეს თანამშრომლობა ეუთო-ს აღმასრულებელ სტრუქტურებთან, ასევე ეუთო-ს საველე მისიებთან, თანამშრომლობის პარტნიორებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ ურთიერთქმედებამ გააუმჯობესა ჩვენი ეფექტურობა, რადგან ჩვენ ერთად ვმუშაობთ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამაღლების მიზნით და ქალთა და ახალგაზრდების როლის გაძლიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენ ვაფასებთ ასამბლეის მტკიცე დამოკიდებულებას და გმობს რუსეთის მიმდინარე აგრესიას ეუთო-ს სივრცეში. მოსკოვის მიერ ჰელსინკის პრინციპების დარღვევა განსაკუთრებით სავალალოა, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ, თქვენს ქვეყანაში, საქართველოში.

შეერთებული შტატები იზიარებს ასამბლეის ერთგულებას დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დასაცავად, რასაც კვლავ ეწინააღმდეგებიან ეუთოს ბევრ ქვეყანაში. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მოვუწოდებთ საპარლამენტო ასამბლეას გააგრძელოს კარგი საქმიანობა. მადლობას გიხდით იმ დროისა და ძალისხმევისთვის,ასევე წარმატებებისათვის, რომლებიც თქვენ მიუძღვენით ჩვენს საერთო საქმეს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, რადგან ივლისში თქვენს პასუხისმგებლობას გადასცემთ ახალ პრეზიდენტს.

თქვენ ყოველთვის იქნებით შეერთებული შტატების და ეუთოს სანდო მეგობარი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

გიგი წერეთელი 2017 წლიდან ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია. ის ორჯერ იყო არჩეული ამ პოსტზე ფარული კენჭისყრით 57 ქვეყნის, 400-მდე პარლამენტარისგან შემდგარ ორგანიზაციაში. 2020 წლის ივლისში, ვანკუვერში, ასამბლეა ახალ პრეზიდენტს აირჩევს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები