პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება

22.01.20 11:30


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს სტეფ ბლოკს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სტეფ ბლოკის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბოლო 9-10 წლის განმავლობაში საქართველოში სტუმრად არ გვყოლია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი. გამომდინარე აქედან, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ორმხრივ, მჭიდრო ურთიერთობებზე. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ნიდერლანდებში და ეს არის ამ ვიზიტის გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ნაყოფიერი, ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ნიდერლანდების მხარდაჭერის კუთხით ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, იქნება კიდევ ერთხელ განმტკიცებული და გამყარებული. ბუნებრივია, ვისაუბრებ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები იქნება ჩემი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რადგანაც ევროკავშირის მხარდაჭერა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის კონტრიბუცია, რომელიც ნიდერლანდებს შეაქვს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში. 14 დამკვირვებელი ყავს ამ ქვეყანას და აუცილებელია, რომ მხარდაჭერა მომავალსიც გაგრძელდეს. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, რომ გაგრძელდეს ნიდერლანდების მხარდაჭერა როგორც ევროპული, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. სტეფ ბლოკი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა. სტეფ ბლოკი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები