პოლიტიკა

იერუსალიმში საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა

23.01.20 11:00


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას ისრაელის დიასპორის მინისტრი ციპი ხოტოველი, იერუსალიმის მერი მოშე ლიონი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც სალომე ზურაბიშვილმა საკონსულოს ახალი ოფისის გახსნისას აღნიშნა, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ოფისის გახსნა ხდება იმ დროს, როცა ისრაელის სახელმწიფო მასპინძლობს მნიშვნელოვან საერთაშორისო შეკრებას - მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელს, რომლებიც ერთად გაიხსენებენ 75 წლის წინანდელ მოვლენებს, როცა გათავისუფლდა აუშვიცი და, როცა დამთავრდა ებრაელი ერის ეს უდიდესი ტრაგედია.

"ჩვენ გუშინ სწორედ ეს თარიღი და ყველაფერი ის გავიხსენეთ, რაც ქართულ-ებრაულ ურთიერთობასა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობას ეხება - ეს ისეთი მჭიდრო კავშირებია, რომლის აღწერაც ძალიან რთულია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში საქართველოს საპატიო კონსულს იგალ ამედის მადლობა გადაუხადა მასპინძლობისა და გაწეული მუშაობისათვის.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები