პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

23.01.20 18:00


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან გაიმართა ძალიან კარგი, გულწრფელი შეხვედრა და საუბრის ერთ-ერთი თემა ევროპელი კოლეგების მხრიდან ბოლო დროს გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები იყო.

„ცალკეულ შემთხვევებში და ასეთი ცალკეული შემთხვევები, სამწუხაროდ, ხშირი იყო, ამის საფუძველი გახდა არასწორი ინფორმაცია. სტუმარს გავაცანი ერთ-ერთი ასეთი მაგალითიც, როდესაც კონკრეტულმა „ფეიკ ნიუსების“ გამავრცელებელმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია გარკვეულ დროს გაატარებს ციხეში და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთ-ერთმა პარლამენტარმა ევროპის მაღალი ტრიბუნიდან განცხადება გააკეთა. როდესაც, თვითონ ამბავი არის ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილს უყვებიან ევროპარლამენტარს და ის დაიჯერებს გადამოწმების გარეშე, ბუნებრივია, შეფასებაც არ იქნება რელევანტური და სწორი“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხს, ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციებს, რომელთა უდიდეს ნაწილს მმართველი გუნდი ითვალისწინებს და საარჩევნო სისტემის საკითხებზე ოპოზიციასთან დიალოგის მე-5 რაუნდს.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის გარკვეული პრობლემები იყო, რაც მალე აღმოიფხვრება და აქედან გამომდინარე, არსებობს პოზიტიური მოლოდინი.

„როგორც ბატონი ჰუბერტ ქნირში შემპირდა, ჩვენი ინფორმაციაც გერმანიაში სახელისუფლებო წრეებისთვის აბსოლუტურ ხელმისაწვდომი იქნება და ამ შეპირების უკან დგას, იმის გონივრული და პოზიტიური მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ კომუნიკაციის განახლებას. გარკვეული კომუნიკაციური პრობლემები იყო, ვინაიდან პარტიული საგარეო მიმართულების ხელმძღვანელები დღეს ჩვენი გუნდის წევრები არ არიან, მაგრამ ეს პრობლემა მალე აღმოიფხვრება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქს პოზიტიური მოლოდინი, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ევროპის მაღალი ტრიბუნიდან არ მივიღებთ არასწორ კრიტიკას. კრიტიკას იმსახურებს ყველა ხელისუფლება, ყველას აქვს გარკვეული ხარვეზები, გარკვეული შეცდომები, მაგრამ ობიექტური კრიტიკა არის უფრო მისაღები, ვიდრე „ფიეკ ნიუსებზე“ დაყრდნობით და „ფეიკ ნიუსების“ ევროპელებისთვის მიწოდებით გამოწვეული კრიტიკა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა ამერიკელ პარტნიორებთან დაკავშირებით.

„მაგალითად, 2012 წელს, ჩვენმა ოპონენტებმა ამერიკელ კონგრესმენებს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, რომელიც მათ გაიზიარეს, რომ თითქოს ტელეკომპანია „იმედი“ ჩამოართვეს კანონიერ მფლობელს, არადა რეალურად, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა „იმედი“. მაშინ კონგრესმენებმა თავისი სიტყვები უკან წაიღეს. ამ შემთხვევაშიც, ჩვენს კოლეგებთან გვმართებს ასეთი მუშაობა, ობიექტური კრიტიკის მიღებაც და ობიექტური შეფასებების მიღებაც. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები