პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ტოვებს

27.01.20 13:20


„ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ტოვებს, რომლის პრეზიდენტიც თბილისის მერი კახა კალაძეა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს უკავშირდება.

ამასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებმა ირაკლი ნადირაძემ და სევდია უგრეხელიძე ბრიფინგი გამართეს.

„პარასკევს ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ჩვენს ქვეყანას კრიმინალური ბანდა მართავს და ამ კრიმინალურ ბანდას თავის წარმომადგენლები ჰყავს პარლამენტში, საკრებულოში, პოლიციაში და ყველა აღმასრულებელ შტოში.

სხვა არაფერი იყო ჩვენს კოლეგა ლევან ხაბეიშვილზე ორგანიზებული და სამარცხვინო თავდასხმა, როდესაც ტურებივით ერთი 10-ზე გაუსწორდნენ ჩვენს კოლეგას. ეს წინასწარ დადგმული ძალადობა იყო ლევან ხაბეიშვილის მიმართ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გამორჩეული ოპოზიციური ლიდერი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით კორუფციას ებრძვის. კიდევ უფრო მეტად სამარცხვინო იყო შეფასებები და განცხადებები, რომელიც ხაბეიშვილზე თავდასხმის შემდეგ გაკეთდა.

ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ გაამართლა და წაახალისა ეს ძალადობა.

ამ ყველაფრის წამახალისებელი პირველ რიგში კახა კალაძეა, რომელიც თბილისის მერის გარდა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტია. ეს ასოციაცია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებს არჩევს. „ნაციონალური მოძრაობის“ 4 წარმომადგენელი ვართ ამ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები და ჩვენ გვინდა პროტესტის ნიშნად ეს ასოციაცია დავტოვოთ იქიდან გამომდინარე, რომ ასოციაცია უმოქმედოა და არანაირ ძალადობაზე რეაგირება არ ჰქონია, მათ შორის ხაბეიშვილის მიმართ“, - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, სევდია უგრეხელიძე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის მმართველ ორგანოებს შეატყობინებს.

„მე, როგორც ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციის წევრი ვალდებული ვარ, ამ ფაქტის შესახებ შევატყობინო ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის მმართველ ორგანოებს. მივაწოდო ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ძალადობა, შეურაცხყოფა და კრიმინალური მეთოდები არის ის, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამკვიდრებს“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები