პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტების მიუხედავად, არ აჩერებს ევროპისკენ სვლას

28.01.20 17:00


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, ჰენდრიკ დემსისთან შეხვედრით დაიწყო. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ნაბიჯი, საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრობაა.

​მისივე თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

“საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 21 წელი გავიდა.

​ის გზა, რომელიც 21 წლის წინ ავირჩიეთ, არ შეცვლილა და ამ გზაზე სვლა არ შეგვინელებია. მას შემდეგ თანმიმდევრულად მივიწევთ ევროპისაკენ და ვაშენებთ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს.

ამაში კი, დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის საბჭოს მხარდაჭერას და ზოგჯერ მის კრიტიკასაც კი.

საქართველო ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტების მიუხედავად, არ აჩერებს ევროპისაკენ სვლას, აშენებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას და იცავს ადამიანის უფლებებს, რითიც ჩვენ ძალიან ვამაყობთ.

შემდგომი ნაბიჯი, საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აზრი გამოვთქვათ არა მხოლოდ იმაზე, რაც ჩვენ გვეხება, არამედ მნიშვნელოვან, საერთაშორისო საკითხებზეც.

​საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას ყურადღებას გაამახვილებს გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. ეს თემები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისათვის, რომელიც პარტნიორებთან ერთად გლობალურ გამოწვევებს უმკლავდება.

​რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. ამ საკითხთან მიმართებაში საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ევროპის საბჭოს მხარდაჭერასთან, რომელიც უკვე გამოიხატა ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ მრავალ რეზოლუციაში. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება ქმედება, გვჭირდება ცვლილებები ადგილზე, (პირველ რიგში ადმინისტრაციულ ხაზთან), დეესკალაცია და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. იმისათვის, რომ გავცდეთ ოკუპაციას, განვმუხტოთ და მოვაგვაროთ ეს ვითარება, საჭიროა, საქართველოს ყველა პარტნიორის ჩართულობა დეოკუპაცია ჩვენი საერთო მიზანია”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები