საზოგადოება

კრასნოდარში ბიზნესმენი მინდია გულუა მოკლეს

24.08.16 20:00


ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი მინდია გულუა 23 აგვისტოს შეიარაღებულ თავდასხმას ემსხვერპლა კრასნოდარში, იუწყება რუსული მედია.

თავდასხმა ჩეკისტების პროსპექტზე მოხდა. უცნობმა პირებმა გულუას ავტომობილიდან ესროლეს და მიიმალნენ.

მოგვიანებით დუმენკოს ქუჩაზე ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილ „გაზ-2113-ს“, რომლის უკანა სავარძელზეც, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, კალაშნიკოვის სისტემის მაყუჩიანი ავტომატი აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, გულუას სწორედ ამ ავტომატიდან ესროლეს.

ტყვია ბიზნესმენს მუცლის არეში მოხვდა, რის შემდეგაც ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 23 აგვისტოს, ჩეკისტების პროსპექტზე, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან, უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, ავტომატიდან, ცეცხლი გაუხსნეს 46 წლის მამაკაცს და მანქანით მიიმალნენ.

თუმცა საგამოძიებო კომიტეტში დაზარალებულის ვინაობას არ აკონკრეტებენ და ამასთან, უარს ამბობენ გულუას დაღუპვის ფაქტის დადასტურებაზე.

აღსანიშნავია, რომ მინდია გულიას წარსულშიც დაესხნენ თავს: კრასნოდარში მისი ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როცა ბიზნესმენი შიგ ჩაჯდა, თუმცა სიკვდილს გადაურჩა.

მინდია გულუა რუსეთში საცხოვრებლად 1994 წელს გადავიდა.

ქართული საზოგადოებისთვის მისი სახელი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2011 წელს მისმა დამ, ნანა გულუამ პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ დააარსა, ხოლო ბიზნესმენი საერთაშორისო საკითხებში პარტიის მდივნად მოგვევლინა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები