ეკონომიკა

სოზარ სუბარი: ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, რა არის მათთან ქორწინება

24.08.16 21:10


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ხალხი თავად ადგენს ქორწინების საკითხის საკონსტიტუციო განსაზღვრას.

როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ქორწინების საკითხი, რომელსაც მთავრობა უჭერს მხარს, ბოლო წლების განმავლობაში ევროპის არაერთი სახელმწიფოს მიერ არის მიღებული.

„ის, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯა აკრძალულია, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს არის პოლიტიკური საკითხი.

ისე არ მიიღოთ, თითქოს ერთსა და იმავე დონეზე ვაყენებ ამას.

ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ხალხი თვითონ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს კონსტიტუციის საკითხი. ის, რაც შეერთებულ შტატებში არის კონსტიტუციის ერთ-ერთი შესწორება, რომ ამერიკის მოქალაქეს აქვს იარაღის ტარების უფლება, არ არის გათვალისწინებული არცერთი სხვა ქვეყნის კონსტიტუციით, მაგრამ ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი.

ქორწინების საკითხი, ზუსტად იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებითაც ჩვენ ვაპირებთ მის მიღებას კონსტიტუციაში, ბოლო წლების განმავლობაში არის მიღებული ევროპის არაერთი სახელმწიფოს მიერ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ და მათ ჩათვალეს, რომ მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი დღევანდელი მდგომარეობისთვის და ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის არანაირ რეგულაციებს, დემოკრატიის არანაირ პრინციპს”, – განაცხადა სუბარმა.

სუბარი არ თვლის, რომ აღნიშნული ჩანაწერით ადამიანის უფლება დაირღვა.

„ქორწინებაში, ვგულისხმობ არა თანაცხოვრების პრაქტიკას, არამედ, ეს იურიდიულად რომ იყოს დადასტურებული სახელმწიფოს მხრიდან. ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, საქართველომ მიიღო სპეციალური ანტიდისკრიმინაციული კანონი და ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რომ ყველა ადამიანის უფლება იყოს დაცული, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მათ შორის ყველანაირი უმცირესობისა”, -აღნიშნა მინისტრმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები