საზოგადოება

Forbes-მა ჯეჯელავას საქართველოს ახალი თაობის განმანათლებელი უწოდა

24.08.16 21:50


ჟურნალ Forbes-ის ქართულმა ვერსიამ გამოქვეყნა ინტერვიუ განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან და მას ახალი თაობის განმანათლებელი უწოდა.

მინისტრის აზრით, ქართული საზოგადოების მოთხოვნები 21-ე საუკუნეში უფრო სწრაფად შეიცვალა, ვიდრე განვითარების სისტემამ განვითარება მოასწრო. მინისტრმა მაგალითად მოიყვანა ინდოელი მეცნიერი და განმანათლებელი სუგატა მიტრა, რომელიც მიიჩნევს, რომ სკოლის მოდელი, რომელსაც ვიცნობთ, დიდ ბრიტანეთში ოთხი-ხუთი საუკუნის წინ შეიქმნა.

მინისტრი სვამს კითხვას — რატომ სწავლობენ ქართველი ბავშვები 21-ე საუკუნეში იმავე პრინციპებით?

„სტატია მაქვს დაწერილი – რისთვის ამზადებს ჩვენი სკოლა ბავშვებს და ერთ-ერთი პასუხია – ზარი. სად გვხვდება ზარი, გარდა სკოლისა? ქარხანაში. ე.ი. სკოლა ზარს იმიტომ გირეკავს პერიოდულად, რომ მიგაჩვიოს ქარხნის ზარს, ვინაიდან ადრე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ქარხნის ზარზე რეფლექსი გქონოდა“, — აღნიშნა მან.

ჯეჯელავამ ასევე განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მეცნიერები და პრაქტიკოსები აღიარებენ, რომ ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად თვითგანათლება უფრო აქტუალური გახდა და სკოლა, რომელიც ამას არ ითვალისწინებს, რეალობას ავტომატურად არის მოწყვეტილი.

„რატომ უნდა დავიმახსოვრო მე, მოსწავლემ, რომელ ქვეყანაში რა სასარგებლო წიაღისეულია, როცა არსებობს Google? პასუხი არის: არც რატომ. მოკლედ, რაღაცებს, რასაც ჩვენ ვასწავლით, აზრი საერთოდ დაეკარგა“, — აღნიშნა ჯეჯელავამ.

მინისტრი დარწმუნებულია, სწავლების ძველი მეთოდები უნდა შეიცვალოს, ხოლო ბავშვი მოტივირებული უნდა იყოს, რათა ახალი საგნები აითვისოს.

მინისტრმა თავის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ამოცანად საზოგადოებაში პედაგოგის სტატუსის ამაღლება დაასახელა. მისი თქმით, ის კვლავაც გააგრძელებს შეხვედრებს პედაგოგებთან, ადამიანებთან, რომლებმაც, მისი აზრით, დაკარგეს იმის რწმენა, რომ მათ ოდესმე ვინმე ადამიანურად შეხედავს.

„ოქროსმედალოსან მოსწავლეებს, მაგალითად, ლეპტოპებს აჩუქებენ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მასწავლებლებს არაფერი?“, — სვამს კითხვას ჯეჯელავა.

მინისტრი ასევე შეეხო ახალი გერმანული მოდელის თემას, რომელიც განათლების სისტემაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ინერგება. სისტემის თანახმად, სტუდენტს ერთდროულად შეეძლება პროფსასწავლებელში სწავლაც და სპეციალობით მუშაობაც.

„დუალური მოდელი გულისხმობს იმას, რომ მივდივართ ბიზნესთან და ვეკითხებით, რა სჭირდება. თუ გვეტყვის, რომ ელექტრიკოსები, ვეტყვით, ერთი წელი გვაცადოს, გავვარდებით, შევიჭრებით სკოლებში, გავამარკეტინგებთ ელექტრიკოსობას, მოვიყვანთ ხალხს პროფესიულ სასწავლებელში და მივუყვანთ ბიზნესს“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

ინგლისური და რუსული ენების ცოდნას მინისტრი ასევე აუცილებლად მიიჩნევს. მომავალში განათლების სამინისტრო დანერგავს ახალ პროგრამებს და მასობრივ გადამზადებას განახორციელებს.

განათლების მინისტრი დარწმუნებულია, რომ მთავრობამ უნდა მიაღწიოს იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი მოდური გახდეს, და ამის სწავლა ადრეული ასაკიდან არის საჭირო. ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში ბავშვებს სათამაშო ფული უნდა მივცეთ, რათა მათ ყიდვა-გაყიდვის, ბიზნესის პრინციპები ისწავლონ.

განათლების მინისტრის მთავარი ამოცანა თითოეული ადამიანის გაბედნიერებაა. ამის მიღწევა კი, მისი აზრით, იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ადამიანი თავის საყვარელ საქმეს გააკეთებს.


წყარო : Sputnik საქართველო  /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები