პოლიტიკა

ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

18.02.20 11:15


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი მალაიზიაში ნიკოლოზ აფხაზავა და საქართველოში მალაიზიის საპატიო კონსული ჯემალ ინაიშვილი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მალაიზიის მხრიდან ესოდენ მაღალი დონის ვიზიტი დიდი ხანია არ შემდგარა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ აღინიშნული ვიზიტი ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და სხვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას, რადგან მალაიზიასა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაზრდისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს.

მათივე განმარტებით, ნათია თურნავამ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს წარმატებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივე 2020“, რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიო 190 - ე ქვეყანას შორის მე-7-დეა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. დასახელდა პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, განათლება და სხვ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მალაიზიის ბაზარი მიმზიდველია საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის. ამავე დროს, მალაიზიურმა მხარემ გამოხატა დაინტერესება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ეფექტიანობით, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს სივრცესთან და სხვა ქვეყნებთან.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეტ ყურადღებას მიაქცევენ ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ხელს შეუწყობენ საქართველოსა და მალაიზიის ბიზნეს წრეების დაახლოებასა და ორივე ქვეყანაში სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს შეხვედრების ჩატარებას.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები