საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა

18.02.20 12:20


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების კუთხით გადადგა. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს განახლებულ სტრუქტურასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საბჭომ 2020 წელის პრიორიტეტულ მიმართულებებად გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებების დაცვის, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა განსაზღვრა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ 2020 წელს საქართველოს მთავრობა იწყებს ადამიანის უფლებათა დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას და ამ პროცესში სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ყოფნა, მთავრობისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ მიღწეულ პროგრესზე.

მხარეებმა ისაუბრეს პენიტენციურ დაწესებულებებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების ეფექტიანობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობის ფორმატში მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები